ორსულობა ყველა ქალისთვის უმნიშვნელოვანესი პერიოდია. ამ დროს მრავალი ფიზიოლოგიური და ჰორმონული ცვლილება ხდება ქალის ორგანიზმში, რომელიც გავლენას ახდენს ენდოკრინულ სისტემაზე, განსაკუთრებით აღსანიშნავია ორსულობის გავლენა ფარისებრ ჯირკვალზე და თავის მხრივ, ფარისებრი ჯირკვლის გავლენა ორსულობის მიმდინარეობაზე. ფარისებრი ჯირკვალი პეპლის ფორმის ორგანოა, რომელიც განლაგებულია კისრის წინა ზედაპირზე. მისი მთავარი ფუნქციაა, გამოიმუშავოს ორი ჰორმონი - თიროქსინი (T4) და ტრიიოდთირონინი (T3). ეს ჰორმონები გავლენას ახდენენ ორგანიზმში მიმდინარე პრაქტიკულად ყველა მეტაბოლურ პროცესზე და არეგულირებენ ნივთიერებათა ცვლის სიჩქარეს.


ფარისებრი ჯირკვალი თავის მხრივ რეგულირდება თავის ტვინის მიერ, კერძოდ ჰიპოფიზი გამოიმუშვებს ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელ ჰორმონს, ყველასთვის კარგად ცნობილ TSH-ს და ამ გზით არეგულირებს ფარისებრის მუშაობას. ნორმაში TSH, FT4 და FT3 ბალანსშია და მათი დონე სისხლში უნდა შეესაბამებოდეს ლაბორატორიის მიერ მითითებულ ნორმის ფარგლებს. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების დროს სისხლში TSH-ის დონე იზრდება. ამ მდგომარეობას ჰიპოთირეოზი ეწოდება. მოდით, კითხვა პასუხის რეჟიმში გავყვეთ ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიურ ცვლილებებს ორსულობისას და გავიგოთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება რა გავლენას ახდენს ორსულობის მიმდინარეობასა და ნაყოფის განვითარებაზე. ჰიპოთირეოზი ანუ ფარისებრის ფუნქციის დაქვეითება უარყოფით გავლენას ახდენს როგორც დედაზე, ასევე ბავშვზე. ორსულობისას ჰიპოთირეოზი დგინდება TSH დონის მომატებით სისხლში. არანამკურნალები ან არასაკმარისად ნამკურნალები ჰიპოთირეოზი ორსულებში შესაძლოა დაკავშირებული იყოს ანემიასთან (ჰემოგლობინისა და სისხლის წითელი უჯრედების დონის შემცირება სისხლში), მიოპათიასთან (კუნთების სისუსტე და ტკივილი), გულის უკმარისობასთან, პრეეკლამფსიასა და პლაცენტის პათოლოგიასთან, ასევე დაბალი წონის ნაყოფთან და მშობიარობის შემდგომ სისხლდენებთან. ასევე ორსულობისას ჰიპოთირეოზი წარმოადგენს სპონტანური აბორტის განვითარების რისკსაც. ეს პრობლემები ძირითადად ვითარდება ფარისებრის ფუნქციის გამოხატული დაქვეითებისას. მსუბუქი ჰიპოთირეოზისას შესაძლოა ორსულ ქალს არ ჰქონდეს არანაირი სიმპტომი. რაც შეეხება ნაყოფს, დედის ჰიპოთირეოზმა შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფის ტვინის განვითარების შეფერხება. ძირითადად ეს ხდება იოდის ნაკლებობის გამო, რომელიც გავლენას ახდენს როგორც დედის, ასევე ბავშვის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე და ასევე ღრმა ჰიპოთირეოზისას. თუმცა ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევების მიხედვით ბავშვის ტვინის განვითარების მსუბუქი დაღვევები შესაძლოა ასევე განვითარდეს დედის მსუბუქი გესტაციური ჰიპოთირეოზის დროსაც კი. 

 

მასალა-Gaem.ge