ენდოკრინული სისტემის დაავადებებიდან ერთ-ერთი არის ჩიყვი. ეს არის ფარისებრი ჯირკვლის უკიდურესი გადიდება, რისი მიზეზიც საკვებში იოდის დეფიციტია.
ჩიყვი შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი, სპორადული (ერთეული შემთხვევები გარკვეულ გეოგრაფიულ არეალში) ან ენდემური (გარკვეულ გეოგრაფიულ არეალში გავრცელებული).
თანდაყოლილი ჩიყვი
თანდაყოლილი ჩიყვი ვითარდება იმ შემთხვევაში, თუ დედის ტირეოტოქსიკოზის (ტოქსიკური ჩიყვის) მკურნალობის შედეგად, ან რაიმე სხვა მიზეზით ხდება ნაყოფის ფარისებრი ჯირკვლის განვითარების შეფერხება. თუ ბავშვში დაბადებისთანავე შეინიშნება ფარისებრი ჯირკვლის ზომის მატება, ამ დროს, დედას ხშირად აღენიშნება ჩიყვი.
ენდემური ჩიყვი
გარკვეულ გეოგრაფიულ არეალში, ჩიყვის გავრცელება, ყველაზე ხშირად, საკვებში იოდის ნაკლებობას უკავშირდება. საქართველოში ასეთ არეალს მიეკუთვნებოდა სვანეთი, სადაც იოდიზებული მარილის დეფიციტის გამო, გავრცელებული იყო ჩიყვი. იგივე პრობლემა შეინიშნებოდა სხვა მთიან რეგიონებში. იმის გამო, რომ ზღვის პროდუქტები და თევზი დიდი რაოდენობით შეიცავს იოდს, ზღვის სანაპირო ზოლში მცხოვრებ მოსახლეობაში ეს პრობლემა ნაკლებადაა გამოხატული.
იოდის დეფიციტის გამო განვითარებული ჩიყვის კლინიკური სურათი დამოკიდებულია ორგანიზმში იოდის ნაკლებობის დონეზე. თუ ეს დეფიციტი ძალიან მცირეა, ფარისებრი ჯირკვლის ზომის მატება შეიძლება არც იყოს გამოხატული. მაგრამ, იოდის შედარებით მნიშვნელოვანი დეფიციტის შემთხვევაში, სახეზეა ფარისებრი ჯირკვლის გადიდება, რომელიც ვიზუალურადაც შესამჩნევია.
მარტივი ჩიყვი
მარტივი ჩიყვის გამომწვევი მიზეზი უცნობია. იგი უფრო ხშირად ვითარდება გოგონებში, ვიდრე ვაჟებში. ამ დროს, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია შეიძლება იყოს ზომიერად გაძლიერებული ან დაქვეითებული.
ტოქსიკური ჩიყვი
ტოქსიკური ჩიყვი ვითარდება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გაძლიერებული გამოყოფის შედეგად. იგი აღენიშნება ბავშვთა მხოლოდ 0.2%-ს. გამოვლენის პიკი არის 11-15 წლის ასაკი. ის გოგონებში ხუთჯერ უფრო ხშირად ვითარდება, ვიდრე ვაჟებში.
დაავადების კლინიკური გამოვლინება შეიძლება იყოს:
- გაძლიერებული მადის ფონზე წონაში კლება
- თითების კანკალი
- ეგზოფთალმი (თვალის კაკლების წინ წამოწევა)
- კანის შეშუპება
- სიწითლე
- ოფლიანობა
- გულის ცემის აჩქარება
დროთა განმავლობაში, ეს ნიშნები უფრო და უფრო მძაფრდება. დაავადების მკურნალობა, მისი ფორმიდან გამომდინარე, შეიძლება იყოს მედიკამენტოზური ან ქირურგიული. იოდის დეფიციტის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა საკვებში იოდის დონის კონტროლი (იოდიზებული მარილისა და ზღვის პროდუქტების გამოყენება).
დაავადების გამოვლენის შემთხვევაში, აუცილებელია ენდოკრინოლოგის კონსულტაცია.