ფარისებრი ჯირკვალი პეპლის ფორმის ენდოკრინოლოგიური ორგანოა, რომელსაც უდიდესი როლი აკისრია ორგანიზმის ფუნქციონირებაში. მისმა დისფუნქციამ შესაძლოა სხვა ორგანოების დაავადებებიც გამოიწვიოს.
ფარისებრი ჯირკვლის კვანძი ჯირკვლის ქსოვილისგან განსხვავებული წარმონაქმნია და მისი აგებულება განსხვავდება ჯირკვლის ჯანსაღი ქსოვილისგან. ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა სახის (ენდემური, კვანძოვანი, დიფუზური, დიზუზურ-ტოქსიკური) დაავადება არსებობს.
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების ძირითადი გამომწვევი მიზეზებია:
იოდის დეფიციტი, რისი გაუმჯობესება შესაძლებელია საკვებში იოდიანი მარილის გამოყენებით
გენეტიკური და მემკვიდრეობითი განწყობა
ინფექციები
სტრესული გარემო
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური სპექტრიდან ყველაზე ხშირად იკვლევენ ჰიპოფიზის ჰორმონს- თირეოტროპულ ჰორმონს (TSH). ამ უკანასკნელი ჰორმონის დონის მომატება გვიჩვენებს, რომ ფარისებრ ჯირკვალს მუშაობა უჭირს (ანუ ფუნქცია აქვს შემცირებული), რის გამოც ჰიპოფიზი გასცემს უფრო მეტ ბრძანებას, რათა ფარისებრ ჯირკვალს სათანადო ოდენობის ჰორმონის გამომუშავება აიძულოს.
არსებობს შემთხვევებიც, როცა თირეოტროპული (TSH) ჰორმონი შემცირებულია, ფარისებრი ჯირკვლის პერიფერიული ჰორმონი კი ნორმაში. ეს დიაგნოზი ჩარევასა და მკურნალობას არ მოითხოვს, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ საჭიროა ანალიზის გაკეთება და მდგომარეობის კონტროლი.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ფარისებრი ჯირკვლის პერიფერიული ჰორმონი დაქვეითებულია, თირეოტროპული ჰორმონი (TSH) კი შემცირებული - აუცილებელია მკურნალობა და ექიმის მეთვალყურეობა.
რა სიმპტომები ახასიათებს ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიას?
ყლაპვის გაძნელება
კისრის მიდამოში სპაზმები
ტკივილი და დისკომფორტი კისრის არეში
გულის აჩქარება/ გულისცემის აჩქარება
დაღლილობა
წონის უმიზეზო კლება ან მატება
ემოციური ცვალებადობა
ფარისებრი ჯირკვლის დიაგნოსტირება და მკურნალობა:
ფარისებრი ჯირკვლის დიაგნოსტირება ხდება შესაბამისი ანალიზითა და ტესტით, რომელიც ტარდება დილის საათებში, უზმოზე და ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევით. კვლევის პასუხების საფუძველზე ექიმი განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს: მედიკამენტოზურს ან ქირურგიულს.
ასევე შესაძლებელია დაგვჭირდეს ისეთი კვლევების ჩატარება, როგორებიცაა სცინტიგრაფია, კვანძების არსებობის დროს ბიოფსია–ციტოლოგია და სხვა.
სასურველია, ყველამ ფარისებრი ჯირკვლის კვლევა ჩაიტაროს წელიწადში ერთხელ მაინც.
გახსოვდეთ, რომ ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის ადრეულ სტადიაში დიაგნოსტირება, დროული ქირურგიული ჩარევა და თერაპია პაციენტისთვის დადებით პროგნოზს იძლევა.