გულმკერდის მიდამოში აღმოცენებული ტკივილი სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია. გულის არეში არსებული ტკივილი შეიძლება უმნიშვნელო მიზეზით იყოს გამოწვეული ან სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაზე მიგვანიშნებდეს. ტკივილი შეიძლება დავყოთ ორ ჯგუფად - გულის პათოლოგიით გამოწვეულ და მისგან დამოუკიდებელ მიზეზებად. გულმკერდის მიდამოში აღმოცენებული ტკივილის შეფასებისა და მკურნალობის შემდგომი ტაქტიკის სწორად განსაზღვრისათვის, უნდა გავითვალისწინოთ გარკვეული კლინიკური მახასიათებლები.

- გულის პათოლოგიებიდან ყველაზე ხშირად გვხვდება მისი მკვებავი (გვირგვინოვანი) არტერიების შევიწროებით გამოწვეული ტკივილი, რაც გულის კუნთის იშემიაზე ანუ სისხლის მიწოდების დარღვევაზე მიუთითებს. ასეთი წარმოშობის ტკივილი ტიპური მიმდინარეობისას მოჭერითი ხასიათისაა, ყველაზე ხშირად მკერდის ძვლის უკან ლოკალიზდება, შეიძლება გადაეცემოდეს მარცხენა ხელში, კისრის მიდამოში, მარცხენა ბეჭსა და ქვედა ყბაში.  ტკივილი, სტაბილურ შემთხვევებში, გრძელდება 5-10 წუთის მანძილზე და იხსნება დასვენებისას ან სისხლძარღვთა გამაფართოებელი საშუალებების მიღების ფონზე. გახანგრძლივებულ ტკივილს (20 წუთი და მეტი) შეიძლება მოჰყვეს გულის კუნთის დაზიანება, რასაც მიოკარდიუმის ინფარქტი ეწოდება.

ზოგიერთ შემთხვევაში, გულის სისხლძარღვების შევიწროება არ არის წარმოდგენილი ტიპური ტკივილით გულმკერდის მიდამოში და შეიძლება აღინიშნოს მუცლის ზედა ნაწილში (ეპიგასტრიუმში), მარცხენა ბეჭქვეშა მიდამოში, ხერხემალში. ტკივილის ნაცვლად შეიძლება აღინიშნოს სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე, ცივი ოფლი და თავბრუსხვევა. გულის დაავადების ამგვარი მიმდინარეობა უფრო ხშირია ქალებში, ხანშიშესულ პირებში და შაქრიანი დიაბეტის დროს.

ტკივილი გულის მიდამოში შეიძლება აღმოცენდეს მისი მფარავი გარსის - პერიკარდიუმის ანთებითი დაზიანების შედეგადაც. ამ დროს, ტკივილი, როგორც წესი, გახანგრძლივებულია და ძლიერდება სუნთქვისა და ხველებისას.  გულმკერდის მიდამოს ტკივილი, ირადიაციით ხერხემალში, შეიძლება შეგვხვდეს გულმკერდის აორტის კედლის მთლიანობის დარღვევის ანუ მისი განშრევების დროს.

გულმკერდის არეში აღმოცენებული ტკივილი ყოველთვის გულის პათოლოგიაზე არ მიგვანიშნებს. ტკივილი, რომელიც იცვლება წინ დახრის ან სხეულის შემობრუნების დროს, ასევე ღრმა შესუნთქვისას და ამოსუნთქვის, ხელების მოძრაობის დროს, ნაკლებად უკავშირდება გულის დაავადებას და სავარაუდოა მისი კავშირი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პრობლემებთან. გულის არეში ჩხვლეტა, ზეწოლა, მოჭერა, რომელიც არ იცვლება პოზის ცვლილებისას, სუნთქვისა და ფიზიკური დატვირთვის დროს, უფრო ხშირად ვეგეტატიური (ანუ ავტონომიური) ნერვული სისტემის დისფუნქციის დროს. გულმკერდის მიდამოში არსებული ტკივილის მიზები ასევე შეიძლება იყოს ფილტვის დაავადებები, პნევმოთორაქსი (პლევრის ღრუში ჰაერის დაგროვება), საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგია (პეპტიური წყლული, ქოლეცისტიტი, პანკრეატიტი).

გულმკერდის მიდამოში აღმოცენებული ტკივილის დიფერენცირება და შემდგომში სწორი მკურნალობის შერჩევა ხდება ექიმ სპეციალისტის მიერ დამატებითი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების დახმარებით.

https://aversiclinic.ge/