ჭარბწონიანობა დღეისათვის ფართოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც შეიძლება გახდეს ისეთი გართულებების გამომწვევი მიზეზი, როგორებიცაა - გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ტიპი 2 დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა, ძილის აპნოე (ძილის დროს სუნთქვის შეჩერება), უშვილობა და ა.შ.  წონის პრობლემასთან ბრძოლის კარგად ცნობილი მეთოდია დიეტა და ვარჯიში, თუმცა ზოგ შემთხვევაში, როდესაც წონა ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს, უფრო რადიკალური ზომების მიღებაა აუცილებელი. ასეთ შემთხვევებში მიმართავენ  წონაში კლების შედარებით სწრაფ და ეფექტურ მეთოდს - ბარიატრიულ ქირურგიას.

სხეულის მასის ინდექსით (BMI Calculator) შესაძლებელია განსაზღვროთ წონის რომელ ჯგუფს მიეკუთვნებით და შეარჩიოთ ჭარბ წონასთან ბრძოლის შესაბამისი მეთოდი (დიეტა, ვარჯიში, ქირურგიული ჩარევა და ა.შ.).

მასის დეფიციტი - BMI 18,5-ზე ნაკლებია
ნორმალური წონა - BMI 18,5-დან 24,9 შუალედშია
ჭარბი წონა - BMI 25-დან 29,9 შუალედშია
მორბიდული სიმსუქნე - BMI 30-ზე მეტია
წონაში კლებისთვის ტარდება სხვადასხვა ტიპის ბარიატრიული ოპერაციები, მათ შორის ყველაზე გავრცელებული და პოპულარულია - კუჭის ვერტიკალური რეზექცია (სლივი, LSG) და კუჭის  შუნტირება (LGB).

კუჭის ვერტიკალური რეზექცია - Laparoscopic Sleeve Gastrectomy (LSG):

ლაპაროსკოპიული კუჭის ვერტიკალური რეზექციის დროს  მცირდება კუჭის მოცულობა, გარდა ამისა ხდება შიმშილის ჰორმონის გრელინის გამომუშავების შეწყვეტა, რაც იწვევს მადის დაქვეითებას და ვეღარ ხდება დიდი რაოდენობით საკვების მიღება.

ოპერაციის შედეგები:

მილის ფორმის კუჭის ფორმირება
შიმშილის ჰორმონის-გრელინის გამომუშავების შეწყვეტა, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს სიმაძღრის შეგრძნების სწრაფ და ხანგრძლივ დადგომას
კუჭის მოცულობის 80-85%-ით შემცირება, ასევე ერთ კვებაზე მიღებული საკვების რაოდენობის შემცირება
ჭარბი წონის 60-70%-ით კლება 12-18 თვის განმავლობაში
ოპერაციიდან 5 წლის განმავლობაში წონის კლება საშუალოდ 49%-ით
კუჭის  შუნტირება - Laparoscopic Gastric Bypass (LGB)

კუჭის შუნტირების ოპერაციისას ხდება კუჭის მოცულობის შემცირება და ამავდროულად ნაწლავის დამოკლება. შესაბამისად კუჭი დიდი რაოდენობით საკვებს ვეღარ იტევს, ხდება ნაკლები კალორიების მიღება და მიღებული საკვების მცირე რაოდენობის შეწოვა (რესტრიქციული და მალაბსორბციული პროცედურა).

ოპერაციის შედეგები:

პაციენტის მიერ ერთ კვებაზე მიღებული საკვების რაოდენობის შემცირება (რესტრიქცია), ასევე მიღებული საკვების შეწოვის შემცირება (მალაბსორბცია)
ჭარბი წონის 70-80%-ის კლება 12-18 თვის განმავლობაში
ოპერაციიდან 5 წლის შემდეგ წონის კლება საშუალოდ 57%-ით
პაციენტის მიერ მიღებული კალორიების ათვისების შემცირება
პაციენტების 95% ოპერაციის შემდეგ განიკურნა ტიპი 2 დიაბეტისგან.
წინასაოპერაციო პერიოდში ყველა პაციენტისათვის აუცილებელია კონსულტაცია ექიმ-ენდოკრინოლოგთან. მათ წინასწარ ენიშნებათ ინდივიდუალური კვებისა და ცხოვრების რეჟიმი, რაც ქირურგიული ჩარევის დროს გართულებების რისკებს ამცირებს.

დღეისათვის ბარიატრიული ოპერაციები სულ უფრო პოპულარული ხდება ჭარბწონიან ადამიანებში, რაც ეხმარება მათ თავიდან აიცილონ სიმსუქნით გამოწვეული დაავადებები და მათი შემდგომი გართულებები.

https://aversiclinic.ge/