ზედა სასუნთქი გზების ინფექციები ძირითადად ვირუსებითაა გამოწვეული. ასეთი ვირუსი დაახლოებით სამასამდეა (გრიპი, პარაგრიპი, რინო, ადენოვირუსები, რესპირაციულ- სინციტიური და სხვა.) ამ ტიპის ინფექციებისთვის დამახასიათებელია ფართო გავრცელება, მათ შორის ჰაერ-წვეთოვანი გზით და ხასიათდება ისეთი კლინიკური ნიშნებით, როგორებიცაა ხველა, ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, სუნთქვის გაძნელება, სხეულის მაღალი ტემპერატურა.

ზედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციები ყველაზე გავრცელებულია ინფექციებს შორის, რაც განპირობებულია ადამიანის ორგანიზმის მიერ ვირუსის მაღალი მიმღებლობით.

ბავშვები უფრო ხშირად ხდებიან ავად, ვიდრე მოზრდილები. ეს გამოწვეულია მათი იმუნური სისტემის უმწიფრობით. ადრეულ ასაკში ერთი წლის მანძილზე 6-8-ჯერ ავადობა ნორმალური მოვლენაა. განსაკუთებით ხშირად ავადმყოფობენ ის ბავშვები, რომლებიც დიდ დროს ატარებენ თანატოლებთან ერთად. ამ დროს ბავშვი ხვდება გარემოში, სადაც მრავალი ვირუსი ბინადრობს.

ბავშვთა ასაკში დაავადება (ცხვირიდან გამონადენი და ხველა) უფრო ხანგრძლივია, რადგან პატარებისთვის ცხვირის გაწმენდა და ნახველის ამოღება გართულებულია.

ზედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციები შეიძლება მეორადად გართულდეს, რაც გამოხატულია ქვედა სასუნთქი გზების დაავადებებში: ბრონქიტი, პნევმონია (ფილტვების ანთება) და სხვა.

ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციის მკურნალობა:

  • ანტიბიოტიკის მიღება ორგანიზმს გართულებებისგან არ იცავს, პირიქით, ჩვენების გარეშე მისი მიღება აქვეითებს იმუნიტეტსა და აქრობს  სასარგებლო ბაქტერიებს.
  • ანტიბიოტიკით მკურნალობა მხოლოდ ექიმის დანიშნულებითა და მეთვალყურეობით უნდა მოხდეს.
  • მედიკამენტოზური მკურნალობა 38,5 სიცხეზე დაბლა არ არის რეკომენდებული, რადგან ცხელება ორგანიზმის დამცავი რეაქციაა. დაბალ ტემპერატურაზე სიცხის დამწევი პრეპარატების მიცემა ხელს უწყობს მიკრობების არსებობის გახანგრძლივებას.
  • თუ ბავშვს აწუხებს ხველა და ცხვირიდან გამონადენი, უნდა დავუთვალოთ სუნთქვის სიხშირე ძილის დროს მშვიდ მდგომარეობაში, რადგან დროულად ამოვიცნოთ ფილტვების ანთების ნიშნები.

სუნთქვის სიხშირე(1 შესუნთქვა+ერთი ამოსუნთქვა)  წუთში არ უნდა აღემატებოდეს:

  • 60-ს 2თვემდე ასაკში;
  • 50-ს 2 თვიდან 1 წლამდე;
  • 40-ს 1-5წლამდე;
  • 30-ს 5 წლის ასაკის ზემოთ;

როდის მივმართოთ ექიმს ?

  • როცა პაციენტი არ იღებს საკვებსა და სითხეებს
  • ღებინებს საკვებისა და სითხის მიღების შემდეგ
  • აღენიშნება კრუნჩხვა
  • უჩვეულოდ ძილიანობს
  • აღენიშნება სუნთქვის გახშირება

https://aversiclinic.ge/