წითლად დაბრაწული ლოყები ხშირად მიჩნეულია სხეულის სიჯანსაღის ნიშნად. იცოდით, რომ ასეთი ლოყები დაავადებაზეც შეიძლება მიანიშნებდეს?
როზაცეა კანის ქრონიკული ანთებითი დაავადებაა. ის იწვევს სახის კანის სიწითლეს, შესიებასა და წითელ გამონაყარს. ამის გამო, როზაცეა ხშირად ერევათ აკნეში, რომლისგან განსხვავებითაც, აღნიშნული მკურნალობის გარეშე არასდროს გაუვლის პირს და დროდადრო, მხოლოდ გაუარესდება.
სიმპტომები:
სახის კანის სიწითლე, რომელიც ხშირად ლოყებზე, ცხვირზე და ნიკაპზე ჩნდება;
სახის კანის უეცარი სიმხურვალე, ქავილი, ან შესიება;
სახის კანის პერიოდულად და მოულოდნელად წითელი გამონაყარით დაფარვა;
წითელი კაპილარების გამოკვეთა;
შესაძლებელია დროთა განმავლობაში სახეზე კოჟრების გამოჩენაც, ე.წ. რინოფიმა, რომელიც მამაკაცებში უფრო ჭარბობს;
როზაცეამ შესაძლოა თვალებზეც იქონიოს გავლენა.
მიზეზები:
დაავადების ზუსტი მიზეზები გაურკვეველია, თუმცა სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ის ნერვოვასკულარული პრობლემებითაა გამოწვეული. გენეტიკა და გარემო პირობებიც შესაძლებელია ხელს უწყობდნენ დაავადების განვითარებას. აღსანიშნავია, რომ ყოველი პირისთვის მიზეზი განსხვავებული შეიძლება იყოს. უმეტეს შემთხვევაში ესენია:
განსაკუთრებული სიცხე ან ცხელი წყლით ბანაობა;
ექსტრემალური ვარჯიში;
მზის გავლენა;
ქარის გავლენა;
განსაკუთრებული ცივი გარემო;
ცხელი სასმელის მიღება;
სუნელებიანი საკვები;
კოფეინი;
ალკოჰოლი;
მენოპაუზა;
ემოციური სტრესი;
სახეზე ტოპიკური სტეროიდების ხანგრძლივი გამოყენება;
სახის წვალება;
პარფიუმერიის ან ალკოჰოლის შემცველი კოსმეტიკის გამოყენება.
როგორც ხედავთ, მიზეზების სია ვრცელია და მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია შესაბამისი გამოკვლევების საფუძველზე მათი გამოვლენა. ხშირად, მიზეზი შესაძლებელია დაუდგენელიც დარჩეს.
ვის შეიძლება დაემართოს როზაცეა?
უმეტეს შემთხვევებში როზაცეა ღია ფერის კანის 30-დან 50 წლამდე ქალბატონებს ემართებათ. თუმცა, ფიქსირდება მსგავსი შემთხვევები ბავშვებსა და მამაკაცებშიც.
სახის კანზე კოჟრების ან მკვეთრი გამონაყარის გამოჩენა განსაკუთრებით უსიამოვნო მოვლენაა. დერმატოლოგთან სახის სიწითლის მიზეზის დროული გადამოწმება დაგიცავთ გართულებებისაგან და მოგანიჭებთ სიმშვიდეს.