დიარეა - ფაღარათი ძალიან გავრცელებული სიმპტომია, რომელიც შესაძლოა სხვადასხვა დაავადების გამოხატულება იყოს; იგი გამოიხატება ნაწლავების ხშირი მოქმედებითა და თხევადი განავლოვანი მასებით.

დიარეა მხოლოდ რამდენიმე დღე გრძელდება, ხოლო თუ იგი რამდენიმე კვირას გაგრძელდა მაშინ ეს სხვა პრობლემის არსებობაზე მიუთითებს, როგორიცაა -  გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ქრონიკული ინფექციები ან ნაწლავის ანთება.

დაავადების სიმპტომებია:

  • ნაწლავების ხშირი მოქმედება
  • მუცლის მოვლითი ტკივილი
  • ციებ-ცხელება
  • მუცლის შებერვა
  • გულისრევა
  • ლორწოვანი, ჩირქიანი და/ან სისხლიანი განავალი

რა იწვევს დაავადებას?

დიარეას იწვევს გარკვეული გარემო ფაქტორები, როგორიცაა

  • ვირუსები
  • ბაქტერიები და პარაზიტები
  • მედიკამენტები - მაგალითად ანტიბიოტიკები ანადგურებენ როგორც პათოგენურ ასევე ნაწლავის ფლორის შემქმნელ ბაქტერიებს და შედეგად ვითარდება დიარეა.
  • ლაქტოზას აუტანლობა - ლაქტოზა არის რძესა და რძის პროდუქტებში შემავალი შაქარი. მათ ვისთვისაც ლაქტოზას გადამუშავება რთულია, რძის პროდუქტების მიღების შემდეგ აღენიშნებათ დიარეა.
  • ფრუქტოზა - ხილსა და თაფლში შემავალი შაქარია. თუ ადამიანის ორგანიზმისთვის ფრუქტოზის გადამუშავება რთულია, მისი მიღებისას შესაძლოა განვითარდეს დიარეა.
  • ქირურგიული ოპერაციები ნაწლავებზე, კუჭსა და ნაღვლის ბუშტზე შესაძლოა გახდეს დიარეას გამომწვევი მიზეზი.

გართულებები

დიარეამ შესაძლოა გამოიწვიოს დეჰიდრატაცია (სითხის დაკარგვა), რაც უყურადღებოდ დატოვების შემთხვევაში სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს. დეჰიდრატაცია განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, ასაკოვანი ადამიანებისა და სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებისათვის.

დეჰიდრატაციის ნიშნებია:

  • წყურვილის გრძნობა
  • პირის ან კანის სიმშრალე
  • სისუსტე და თავბრუსხვევა
  • გადაღლილობა
  • მუქი ფერის შარდი
  • ჩვეულებრივთან შედარებით იშვიათად შარდვა.

როგორ ავარიდოთ თავი დიარეას?

  • ხშირად დაიბანეთ ხელები
  • თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას გამოიყენეთ ხელის სადეზინფექციო სითხე.
  • მოგზაურობისას არ დალიოთ ონკანის წყალი

როდის მივმართოთ ექიმს?

  • თუ დიარეა გაგრძელდა რამდენიმე დღე
  • გაქვთ დეჰიდრატაციის ნიშნები
  • გაქვთ მუცლის ძლიერი ტკივილი
  • მაღალი ტემპერატურა.

დიარეას არსებობისას აუცილებელია მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე - წყალი, ხილის წვენი, მინერალური წყალი ან ჩაი, რათა არ მოხდეს ორგანიზმის დეჰიდრატაცია. გამორიცხეთ კოფეინისა და ალკოჰოლის შემცველი სასმელი, რადგან ეს ხელს უწყობს ორგანიზმიდან სითხის გამოყოფას.