გვესაუბრება კლინიკა დიაკორის ექიმი - ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი თამარ კახნიაშვილი. https://www.doctors.ge/doctor/tamar-kakhniashvili
დღესდღეობით ყველასათვის ცნობილია, რომ ორგანიზმისთვის სასარგებლოა პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების მიღება. პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს ვიღებთ როგორც საკვები პროდუქტებით, ასევე საკვები დანამატებით. დღესდღეობით საკმაოდ პოპულარულია და მრავალი ადამიანი იყენებს პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს საკვები დანამატების სახით, მაგალითად, თევზის ქონის ან ომეგა 3 -ის დასახელებით. საკვები პროდუქტები, როგორიცაა მცენარეული ცხიმი, თევზი და ზღვის პროდუქტები შეიცავს მონოუჯერ (ომეგა 9) და პოლიუჯერ (ომეგა 3, ომეგა 6) ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც მათში სხვადასხვა რაოდენობით და თანაფარდობითაა წარმოდგენილი.
უპირატესად პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს შეიცავს: სოიოს, მზესუმზირის, სიმინდისა და ბამბის ზეთი, ასევე თევზის ცხიმი. უპირატესად მონოუჯერი ცხიმოვანი მჟავების შემცველია: ზეითუნის, საფლორისა და კანოლის ზეთები.
ომეგა 3 და ომეგა 6 ცხიმოვან მჟავებს ორგანიზმი თავად ვერ ასინთეზებს. ჩვენ მათ მხოლოდ საკვებით ვიღებთ. ეს მჟავები ორგანიზმში უამრავ ფუნქციას ასრულებს - აუცილებელია ზრდისა და განახლების პროცესებისთვის, ლიპიდების ნორმალური ცვლისთვის, ცხიმში ხსნადი ვიტამინების შეწოვისთვის და ა.შ. ომეგა 9 მონოუჯერ ცხიმოვან მჟავას ორგანიზმი თავადაც წარმოქმნის. ეს მჟავა ასევე მნიშვნელოვანია ლიპიდების ნორმალური ცვლისთვის. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ომეგა 3 და ომეგა 6 ცხიმოვან მჟავებს ვიღებთ საკვებით, ან საკვები დანამატებით. იმისათვის, რომ ორგანიზმზე ამ ნივთიერებებმა იმოქმედონ დადებითად, საჭიროა დაცული იყოს მათ შორის რაოდენობრივი ბალანსი, როგორც საკვებ პროდუქტებში, ასევე, საკვებ დანამატში.
მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით ყველაზე სასურველი თანაფარდობა ომეგა 6-სა და ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების რაოდენობებს შორის არის 4:1. ამ თანაფარდობის დარღვევამ სარგებლობის ნაცვლად, შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ჯანმრთელობას; კერძოდ, შესაძლოა გამოიწვიოს სხეულის წონის მატება, ადიპოგენეზის (ცხიმწარმოქმნის პროცესის) გააქტივება, სხვადასხვა პროანთებითი მარკერების გააქტივება, რასაც შედეგად მოჰყვება ენდოთელიუმის ქრონიკული ანთება, სისხლძარღვების დაზიანება, ონკოლოგიური პათოლოგიების რისკის ზრდა, დაბერების პროცესის დაჩქარება. კვლევებმა აჩვენა არასასურველი რეალობა - ჩვენს ყოველდღიურ რაციონში ომეგა 6 ცხიმოვანი მჟავები გაცილებით მეტი ხვდება, ომეგა 3 თან შედარებით (ომეგა 6 - ის შეფარდება ომეგა 3 – თან არის 17 : 1 -ზე), რაც, როგორც აღინიშნა, ორგანიზმისთვის მავნეა. შესაბამისად, რეკომენდებულია საკვებ რაციონში შევამციროთ ომეგა 6 - ის შემცველი პროდუქტი (რასაც საჭიროზე გაცილებით მეტს ვიღებთ) და გავზარდოთ ომეგა 3-ის შემცველი პროდუქტების რაოდენობა, ისე, რომ მათი თანაფარდობა მივუახლოვოთ 4:1.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უპირატესად ომეგა 6 ცხიმოვანი მჟავების შემცველი პროდუქტებია: სიმინდი; ყველი ტოფუ (სოიოს რძის ყველი); შემწვარი ქათამი; საფლორის, მზესუმზირის, სოიოს, სეზამის, ზეითუნისა და სიმინდის ზეთი; არაქისის კარაქი; ძეხვეული; კრემ-სუპები; ყურძნის წიპწები.უპირატესად ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებს შეიცავს: ორაგული; თინუსი; სარდინი; ზღვის პროდუქტები; კვერცხის გული; თხილი; მიწისთხილი; ნიგოზი; მწვანე სალათის ფოთლები; მწვანილი; ისპანახი; სელის, ზაფრანის, კედარის, ბამბის ზეთი; ლობიო.
არ შეიძლება ყურადღება არ გამახვილდეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების შემცველი საკვების დამუშავების ან საკვები დანამატების მიღების მეთოდი. რადგან, უჯერი და პოლიუჯერი ცხიმის ქიმიური ან/და თერმული დამუშავებით მიიღება ტრანს-ცხიმოვანი მჟავები, რომელიც განსაკუთრებულად მავნეა ჯანმრთელობისთვის; იგი იწვევს სისხლძარღვთა დაზიანებას, ღვიძლის გაცხიმოვნებას, მნიშვნელოვნად ზრდის სიმსივნის, შაქრიანი დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. ამიტომ, პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების შემცველი თევზისა და ზღვის პროდუქტების დამზადება უნდა მოხდეს ცივი წესით, შეიფუთოს და შეინახოს მის შენახვის ტემპერატურაზე, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, მაღალ ტემპერატურაზე პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები გარდაიქმნება ორგანიზმისთვის მავნე ტრანს-ცხიმოვან მჟავებად. ასევე, მინიმუმამდე უნდა შეიზღუდოს სინთეზური ტრანს-ცხიმოვანი მჟავების რაოდენობა საკვებ რაციონში, ტრანს-ცხიმების რაოდენობა, საერთო ჯამში, არ უნდა აღემატებოდეს საერთო დღიური კალორაჟის 1%-ს.
რაც შეეხება საკვებ დანამატებს, ამერიკის დიეტოლოგთა საზოგადოების რეკომენდაციით, არჩევანი უნდა გავაკეთოთ მონო და პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების შემცველ ისეთ საკვებ დანამატებზე, რომელიც მიღებულია და დამზადებულია ცივი წესით (იდეალურ შემთხვევაში) და დაცულია ომეგა 6-ისა და ომეგა 3-ის რეკომენდებული თანაფარდობა.