ტუბერკულოზი ბაქტერიული ინფექციაა, რომელსაც ტუბერკულოზის მიკობაქტერია
იწვევს. დაავადება, უპირატესად, ფილტვებში ლოკალიზდება, მაგრამ პროცესში შეიძლება
ჩართული იყოს სხვა ორგანოებიც. ეფექტური მკურნალობის გარეშე დაავადება თანდათან
პროგრესირებს, რაც, შესაძლოა, ფატალურადაც დასრულდეს.
ტუბერკულოზი უძველესი დაავადებაა·

გამომწვევი მიზეზები

ინფექციის ძირითადი წყარო ადამიანია. ადამიანი მაშინაა გადამდები, როდესაც ხველისას, დაცემინებისას, საუბრისას გარემოში ბაქტერიებს გამოყოფს. დაავადებას უმთავრესად განაპირობებს ადამიანის ტუბერკულოზის ბაცბლა. მიუხედავად ტუბერკულოზის მკურნალობასა და კონტროლში მიღწეული უდიდესი წარმატებებისა, დაავადება მაინც რჩება მნიშვნელოვან სამედიცინო პრობლემად.


განვითარების მექანიზმი
ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერია ადამიანიდან ადამიანს ჰაერ-წვეთოვანი გზით
(90-95%) გადაეცემა. შესაძლებელია ალიმენტური - საკვებისმიერი ან კონტაქტური (კანიდან, ლორწოვანიდან) გზით ინფიცირებაც, რისი ალბათობაც ნაკლებია. ჰაერ–წვეთოვანი გადაცემის გზა განაპირობებს პროცესის ლოკალიზაციას სასუნთქ სისტემაში, ძირითადად, ფილტვებში. სასუნთქ სისტემაში ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერია ნახველის წვეთის, ნერწყვის, მტვრის ნაწილაკების საშუალებით ხვდება. სასუნთქი სისტემის ე.წ. მოციმციმე ეპითელიუმისა და ლორწოს ნაკადის მეშვეობით მიკროორგანიზმები ბრონქებიდან გამოიდევნება. თუ მათ მიაღწიეს ფილტვის უმცირეს ნაწილაკამდე - ალვეოლამდე და გამრავლდნენ, ისინი შემდგომ რეგიონალურ ლიმფურ კვანძებში ხვდებიან.

ზოგჯერ მიკობაქტერია სისხლში მოხვდება და მაშინ ორგანიზმში ხდება ჰემატოგენური დისემინაცია, ანუ მიკროორგანიზმების გავრცელება სისხლძარღვთა და ლიმფური სისტემის საშუალებით.
ტუბერკულოზის განვითარებაში გამოყოფენ ორ განსხვავებულ სტადიას: ინფიცირებას და დაავადებას. ინფიცირებული ადამიანების დიდ უმრავლესობას - დაახლოებით 90%-ს მთელი სიცოცხლის განმავლობაში არ უვითარდება კლინიკურად გამოხატული ტუბერკულოზი. დაავადება ინფიცირებულთა დაახლოებით 10%-ს უვითარდება. მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს ინფიცირების შედეგად დაავადების ჩამოყალიბებას, ადამიანის ორგანიზმის იმუნური სისტემის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. იმუნური სისტემა ადეკვატურად უნდა რეაგირებდეს ორგანიზმში მიკობაქტერიის არსებობაზე. ტუბერკულოზური დაავადება ვითარდება იმუნური სისტემის არაადეკვატური პასუხის პირობებში.
იმუნური სისტემის არაადეკვატური პასუხი შეიძლება დაკავშირებული იყოს შემდეგ ფაქტორებთან:

სოციალური ფაქტორები - არასრულფასოვანი კვება, ნერვული სტრესი, ცუდი საყოფაცხოვრებო პირობები, მძიმე ფიზიკური შრომა, ნარკომანია, ალკოჰოლიზმი, ანუ ყველა ის მიზეზი, რაც ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას აქვეითებს.
სამედიცინო ფაქტორები - ყველა ქრონიკული დაავადება, რომელთა დროსაც ორგანიზმს
დაქვეითებული აქვს გამძლეობა. ესენია: შაქრიანი დიაბეტი, კუჭისა და თორმეტგოჯა
ნაწლავის დაავადება, რევმატული დაავადებები, შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი -
შიდსი. ტუბერკულოზისგან ნაკლებად დაცულნი არიან აგრეთვე ის ადამიანები, რომლებიც
ამა თუ იმ მიზეზით ჰორმონულ მკურნალობაზე იმყოფებიან ან ქიმიოთერაპიის,
რენტგენოთერაპიის კურსს იტარებენ. ტუბერკულოზური დაავადების განვითარებაში
არჩევენ ორ თანამიმდევრულ პერიოდს - პირველადს და მეორეულს.
კლინიკურ-მორფოლოგიური ცვლილებები, რომლებიც ყალიბდება პირველადი ინფიცირების შემდეგ, ცნობილია პირველადი ტუბერკულოზის სახელწოდებით. ის უფრო ხშირად აღენიშნება ბავშვებს, მოზარდებსა და ახალგაზრდა პირებს. მეორეული ტუბერკულოზი, ძირითადად, მოზრდილთა დაავადებაა, ჩვეულებრივ, ის არის დაზიანებული ლიმფური კვანძებისა და ფილტვებში ტუბერკულოზური კერების რეაქტივაციის, ანუ ხელახალი გააქტიურების შედეგი.

პათოლოგიური ანატომია
ტუბერკულოზური ანთების დროს ვითარდება სხვადასხვა ზომის ანთებითი კერები და
ხორკლები. დაავადების პროგრესირებისას ხდება ხორკლის ცენტრის დარბილება და გალღობა. წარმოქმნილი მასები ხვდება ბრონქების სანათურში. ფილტვის ქსოვილის რღვევის
შედეგად ყალიბდება ღრუ - კავერნა, რომელიც წარმოადგენს ტუბერკულოზის მიკობაქტერიების რეზერვუარს. აქედან ტუბერკულოზის მიკობაქტერიები ბრონქების საშუალებით აღწევს ფილტვში და იწვევს ახალ ანთებით კერებს, კავერნებს.
პირველადი ტუბერკულოზის დროს მიკროორგანიზმები ლიმფური კვანძების საშუალებით
შეიძლება მთელ ორგანიზმში გავრცელდეს. ტუბერკულოზურ კერაში შესაძლოა ანთებითი
პროცესი გაიწოვოს და ქსოვილების სტრუქტურა სრულად აღდგეს. ზოგჯერ დაშლილი ქსოვილი განიცდის გამკვრივებას, შიგნით ლაგდება კირის მარილები და ყალიბდება გაკირული კერები. ზოგჯერ კერის ადგილას შეიძლება განვითარდეს ნაწიბურები.

კლინიკური ფორმები
არსებობს ტუბერკულოზის რამდენიმე კლასიფიკაცია, რომლის მიხედვითაც განარჩევენ
სასუნთქი ორგანოების ტუბერკულოზის რამდენიმე კლინიკურ ფორმას. გარდა ამისა, შეიძლება აღინიშნებოდეს სხვა ორგანოებისა და სისტემების ტუბერკულოზური დაზიანება. ამ თვალსაზრისით გამოყოფენ ტუბერკულოზურ მენინგიტს, ძვლებისა და სახსრების, შარდსასქესო ორგანოების, პერიფერიული ლიმფური კვანძების, მუცლის ღრუს ორგანოების,
თვალის, კანის ტუბერკულოზს და სხვა.

პირველადი ტუბერპულოზი

პირველადი ტუბერკულოზის ერთ-ერთი ფორმაა პირველადი ტუბერკულოზური კომპლექსი. ის ხშირად მიმდინარეობს უსიმპტომოდ, ანუ ჩივილების გარეშე. ზოგჯერ გამოხატულია ინტოქსიკაციის ნიშნები: ტემპერატურის მატება, ოფლიანობა, ზოგადი სისუსტე, მცირე ხველუა·
დაავადება კლინიკურად ვლინდება, თუ პროცესს თან ახლავს ანთებითი რეაქცია. ამ დროს
დაავადება მწვავედ მიმდინარეობს. რამდენიმე დღიდან 2–3 კვირის განმავლობაში აღინიშნება მაღალი ტემპერატურა. დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს პნევმონიით, ანუ
ფილტვების ანთებით, ან გრიპის ნიღბით. აღინიშნება ხველა, ტკივილი გვერდში, ცვლილებები სისხლის საერთო ანალიზში. ამ ეტაპზე ნახველში შეიძლება აღმოჩნდეს ტუბერკულოზის ჩხირები. ტუბერკულინური სინჯი დადებითია. კეთდება რენტგენოლოგიური კვლევა.
პირველადი ტუბერკულოზური კომპლექსი უმრავლეს შემთხვევაში მთავრდება
განკურნებით, ანთებითი პროცესი სრულად გაიწოვება.
პირველადი ტუბერკულოზის ყველაზე ხშირი ფორმაა მკერდისა და ლიმფური კვანძების
ტუბერკულოზი. პროცესის დასაწყისი სხვადასხვაგვარია. ზოგჯერ დაავადების კლინიკური
ნიშნები სუსტად არის გამოხატული. სხვა შემთხვევაში დამახასიათებელია მწვავე დასაწყისი
ინტოქსიკაციის ნიშნებითურთ. დიდდება შუასაყრის ლიმფური კვანძები.
მკერდისა და ლიმფური კვანძების ტუბერკულოზის დიაგნოსტიკაში დიდი მნიშვნელობა
აქვს რენტგენოლოგიური კვლევის მეთოდს.
მკურნალობის ფონზე ანთებითი პროცესი თანდათანობით გაიწოვება და იწყება მისი
გამკვრივება.
ფილტვის დისემინირებული ტუბერკულოზი ხასიათდება მრავლობითი ტუბერკულოზური კერების განვითარებით. მიმდინარეობს მაღალი ტემპერატურით, მკვეთრად
გამოხატული სისუსტით, მოძრაობის შეზღუდვით, თავის ტკივილით, ქოშინით და ციანოზით, ტაქიკარდიით, მშრალი ხველით, ზოგჯერ ცნობიერების დარღვევით. დიაგნოსტიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს რენტგენოლოგიურ კვლევას.
ფილტვის კეროვანი ტუბერკულოზი ჩვეულებრივ მოზრდილებში ვითარდება. კერები
ძირითადად ლოკალიზდება ფილტვის ზედა წილებში. ახლად ჩამოყალიბებული კეროვანი
ტუბერკულოზი ხასიათდება სუსტად გამოხატული სიმპტომებით. დაავადება მიმდინარეობს
ხანგრძლივად, ტალღისებურად. რენტგენოლოგიური კვლევის მეთოდი ინფორმაციულია.
ფილტვის კავერნოზული ტუბერკულოზი ხასიათდება ფილტვის ქსოვილში თხელკედლიანი კავერნის არსებობით. კლინიკური ნიშნები ხასბათდება სუსტად გამოხატული სიმპტომებით. შედარებით ხშირი სიმპტომია ხველა მცირე რაოდენობის ნახველით. ფილტვის
კავერნის ტუბერკულოზის კლინიკური სურათი იმდენად მწირია, რომ დიაგნოსტიკაში
მთავარი მნიშვნელობა ენიჭება რენტგენოლოგიურ კვლევას. კავერნებს აქვს ოვალური ან
მრგვალი ფორმა. ისინი უპირატესად ლოკალიზდება ზემო და ქვემო წილებში.
ტუბერკულოზური პლევრიტი ვითარდება როგორც პირველადი ტუბერკულოზის, დისემინირებული ტუბერკულოზის, ფილტვის ტუბერკულოზის მეორეული ფორმების გართულება.
ზოგჯერ პლევრიტი მიმდინარეობს როგორც ტუბერკულოზის დამოუკიდებელი ფორმა
და წარმოადგენს ორგანიზმში ტუბერკულოზური ინფექციის პირველ გამოვლენას. პროცესის ხასიათის მიხედვით შეიძლება განვითარდეს პლევრიტი ექსუდატის (ანთებითი გამონაჟონი) დიდი რაოდენობით ან მშრალი პლევრიტი. კავერნული ტუბერკულოზის დროს
შესაძლოა კავერნა გაიხვრიტოს და ჰაერი პლევრის ღრუში მოხვდეს. პლევრის ღრუ ინფიცირდება ტუბერკულოზის მიკობაქტერიებით. ექსუდატი, ანუ გამონაჟონი, ჩირქოვანი
ხდება. ვითარდება ე.წ. პიოპნევმოთორაქსი, ანუ პლევრის ღრუს ჩირქოვანი ანთება.

ტუბერკულოზური პლევრიტი უპირატესად აღენიშნება ახალგაზრდა ასაკის პირებს. ექსუდატი შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი: ფიბრინოზული, სეროზული, სეროზულ-ფიბრინოზული, ჰემორაგიული, ჩირქოვანი და სხვა.

ბრონქების ტუბერკულოზი ჩვეულებრივ თან სდევს ფილტვის ტუბერკულოზს. პირველადი ტუბერკულოზის დროს გადიდებული ლიმფური კვანძები იწვევს ბრონქებზე ზეწოლას,
რასაც ბრონქის კედლის დაწყლულება და გახვრეტა მოჰყვება. ფილტვებში პათოლოგიური
ცვლილებების დროს ტუბერკულოზის მიკობაქტერია მრავალჯერ ხვდება ბრონქის
სანათურში და იწვევს მასში ანთებით და წყლულოვან ცვლილებებს. ამის შედეგად ვითარდება ბრონქების შევიწროება და დახშობა.

ბრონქების დაზიანებისას ავადმყოფები უჩივიან მშრალ, შემაწუხებელ ხველას, ზოგჯერ
ქოშინს. დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება ბრონქოსკოპიული კვლევა. ამ მეთოდს იყენებენ
აგრეთვე ადგილობრივი მკურნალობისთვის.
გარდა ამისა, განარჩევენ ფილტვის პირველადი ტუბერკულოზის სხვა კლინიკურ ფორმებსაც.
 

დიაგნოსტიკა
ტუბერკულოზის ადრეულ დიაგნოსტიკას მნიშვნელობა აქვს არა მარტო ავადმყოფის
ადეკვატური მკურნალობის დროულად დაწყების თვალსაზრისით, არამედ საზოგადოებაში
ინფექციის განვითარების პროფილაქტიკისთვისაც.
გაითვალისწინეთ, რომ ტუბერკულოზის დროს გამოხატული ჩივილები მრავალფეროვანია და მათ არ აქვს მხოლოდ ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ნიშნები.
დღეისათვის მიღებულია, თუ ადამიანს აწუხებს ხველა ან ინტოქსიკაციის ნიშნები (ან ორივე
ერთად), რომლებიც მოიცავს სისუსტეს, ოფლიანობას, წონაში დაკლებას, სუბფებრილურ
ტემპერატურას (37-380C) დღის მეორე ნახევარში და ეს ნიშნები 2–3 კვირაზე მეტხანს
გრძელდება, მან გაღრმავებული გამოკვლევების მიზნით ექიმს უნდა მიმართოს.

ტუბერკულოზზე შეიძლება მიგვანიშნებდეს ასევე სისხლის ამოხველება ან სისხლიანი
ნახველი, ტკივილი გვერდში ან მკერდის არეში (პლევრიტის ნიშანი), სუნთქვის გაძნელება.

პაციენტის გამოკითხვისას ყურადღება ექცევა საყოფაცხოვრებო და შრომით პირობებს,
პროფესიას. მნიშვნელოვანია კონტაქტი ტუბერკულოზით დაავადებულ ოჯახის წევრებთან
და ახლობლებთან. საყურადღებოა მონაცემები გადატანილი დაავადებების, განსაკუთრებით
იმ დაავადებების შესახებ, რომლებიც ხშირად რთულდება ტუბერკულოზით, მაგ., შაქრიანი
დიაბეტი. ფილტვის ტუბერკულოზის დიაგნოსტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს
მიკრობიოლოგიურ გამოკვლევას, ტუბერკულინოდიაგნოსტიკას და რენტგენოლოგიურ კვლევას.
მიკრობიოლოგიური გამოკვლევები. ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა უტყუარად ითვლება,
თუ ნახველში, შარდში, ქსოვილოვან სითხეებსა და ქსოვილებში აღმოჩნდება ტუბერკულოზის მიკობაქტერიები. ყველაზე ინფორმაციულია ნახველის ბაქტერიოსკოპიული გამოკვლევა.
ნახველი უმჯობესია დილით შეგროვდეს. ტუბერკულოზის მიკობაქტერიების აღმოსაჩენად
ნახველი მრავალჯერადად უნდა იქნეს გამოკვლეული. სასურველია, გამოკვლევა ჩატარდეს
ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მედიკამენტოზური მკურნალობის დაწყებამდე.
ბაქტერიოლოგიური კვლევის რამდენიმე მეთოდი არსებობს: რენტგენოლოგიური გამოკვლევა ტარდება როგორც პირდაპირ, ასევე გვერდით პროექციაში. დამატებითი ინფორმაციის მიღება შეიძლება ტომოგრაფიული გამოკვლევით,
განსაკუთრებით - კომპიუტერული ტომოგრაფიით; ტუბერკულინოდიაგნოსტიკა - ტუბერკულინური სინჯი სპეციფიკური დიაგნოსტიკური ტესტია. ის საშუალებას იძლევა განისაზღვროს ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობა.
ტუბერკულინზე რეაქციის ინტენსივობა დამოკიდებულია ინფექციის გავრცელებაზე, ინფექციის მიმართ ორგანიზმის მგრძნობელობასა და რეაქტიულობაზე.
მოწოდებულია რამდენიმე ტუბერკულინური სინჯი, ყველაზე ხშირად გამოიყენება მანტუს სინჯი. სინჯი კეთდება წინამხრის შუა მესამედში, კანი უნდა გაიწმინდოს სპირტით. ტუბერკულინური ალერგია გამოვლინებას იწყებს ტუბერკულინის შეყვანიდან 8 საათის შემდეგ და მაქსიმალურად არის გამოხატული 48-72 საათის შემდეგ, როდესაც უნდა შეფასდეს. რეაქცია უარყოფითად ითვლება, თუ არ განვითარდა ინფილტრატი და სიწითლე. ინფილტრატის 10 მმ-მდე და მეტი ზომით განვითარებისას რეაქცია ითვლება დადებითად.
 

მკურნალობა

ტუბერკულოზის მკურნალობის სხვადასხვა მეთოდიდან უპირატესობა ენიჭება ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიას.

პირველ რიგში, ავადმყოფმა უნდა დაიცვას რეჟიმი. დაავადების დასაწყისში, მძიმე, მწვავე
მიმდინარეობისას, როცა ავადმყოფი შინ ან საავადმყოფოში იმყოფება, ნაჩვენებია წოლითი
ან სრული მოსვენებითი რეჟიმი. ავადმყოფი უნდა იწვეს ცალკე ოთახში ანდა მისთვის გამოყოფილ კუთხეში, საწოლი კედლიდან 1,5-2 მეტრით იყოს დაცილებული. ზაფხულში ღია უნდა იყოს ფანჯარა. მძიმე ავადმყოფმა ნაკლებად უნდა იმოძრაოს, საკვები ლოგინში მიიღოს და ჩაუტარდეს კანის ჰიგიენური დასუფთავება. დაავადების-მწვავე მოვლენების გავლის შემდეგ დასაშვებია სხეულის დაზელა, სავარძელში ჯდომა; შემდეგ აუცილებელია რეჟიმი: 3–5 საათის განმავლობაში წოლა, სიარული-სეირნობა 30 წუთს დღეში, გონებრივი მუშაობა და ასე თანდათანობით. სამკურნალო ფიზკულტურა ინიშნება ინდივიდუალურად, ავადმყოფის საერთო მდგომარეობისა და ტუბერკულოზური პროცესის გათვალისწინებით.

ფილტვის ტუბერკულოზის დროს აუცილებელია ორგანიზმის მომაგრება, ინფექციისადმი
ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის გაზრდა. კალორაჟი უნდა გაიზარდოს 1/3–ით. ეს შესაძლებელია, პირველ რიგში, ცხოველური ცილების ხარჯზე.
გაძლიერებული კვება რეკომენდებულია 40 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის, ხოლო 40
წლის ზემოთ მხოლოდ იმ პირებისათვის, რომელთაც პროგრესირებადი სიგამხდრე და
უძლურება აღენიშნებათ. დიდი მნიშვნელობა აქვს საკვები მენიუს შესაბამისობას პაციენტის
გემოვნებასთან. რაციონი შეძლებისდაგვარად მრავალფეროვანი უნდა იყოს და შეიცავდეს
შემდეგ კომპონენტებს: ცილებს, ცხიმს, ნახშირწყლებს, მინერალურ მარილებს, სუფრის მარილს და ვიტამინებს. სითხის რაოდენობა დღე–ღამეში 1,5 ლ; პურ-ფუნთუშეული, ხორბლის რუხი პური, ჭარბი კალორიულობის ფუნთუშები, სოიის, ნამცხვარი; მისატანებლები: ხიზილალა, ღვიძლის პაშტეტი; რძე და რძის პროდუქტები: რძე, ხაჭო, ყველი და ა.შ; ცხიმი - კარაქი და ზეითუნის ზეთი მცირე რაოდენობით; კვერცხი - კვერცხის ომლეტი, ჩახლილი ერბოკვერცხი (არა უმეტეს 2 კვერცხისა დღეში); ხორცი, თევზი, ღვიძლი. ყველაზე უფრო სრულყოფილ ცილას შეიცავს ძროხის, ცხვრის, ქათმის და ღორის ხორცი. ბატის, იხვის, ცხვრის ცხიმიანი, ღორის ცხიმიანი ხორცის მიღება რეკომენდებული არ არის; ბურღულეული: ბრინჯი, ხორბლის ფქვილი, წიწიბურა, ასევე ლობიო და მუხუდო; ყველა სახის ხილი, კენკრა; ტკბილეული; ლეღვი; ყურძენი; თაფლი; ბოსტნეული: მწვანე ხახვი, კომბოსტო, სტაფილო, ისპანახი, პამიდორი; ვიტამინები; C ვიტამინის შემცველი პროდუქტები: ფორთოხალი, ლიმონი, მანდარინი; მარილი ნორმალური რაოდენობით.
საკვების მიღება შესაძლებელია ოთხჯერ დღის განმავლობაში, მძიმე ავადმყოფებისთვის
კი 5-ჯერ ერთსა და იმავე დროს. საჭმელი შეიძლება იყოს მოხარშული, მოთუშული, შემწვარი.
აქტიური ტუბერკულოზის მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია ქიმიოთერაპია. ასეთ ავადმყოფს უნდა ჩაუტარდეს ინტენსიური მკურნალობა 3-4 სახის პრეპარატით, რათა სწრაფად აღიკვეთოს გარემოში ბაქტერიების გავრცელება.
ტუბერკულოზის მკურნალობაში ყველაზე ეფექტურ მეთოდად ითვლება მოკლევადიანი
პროგრამები, რომლებიც ორი ფაზისგან შედგება. საწყისი ინტენსიური ფაზა გულისხმობს
ორი თვის განმავლობაში იზონიაზიდის, რიფამპიცინის, პირაზინამიდისა და სტრეპტომიცინის ყოველდღიურ მიღებას. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 4 თვეს ექიმის მიერ შერჩეული რეჟიმის მიხედვით. ეფექტური მკურნალობისას პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება აღინიშნება პირველ 2–3 კვირაში. საშუალოდ 4-5 თვის შემდეგ რენტგენოლოგიურად დასტურდება პროცესის სტაბილიზაცია. ქიმიოთერაპია ტარდება 6–8-თვიანი რეჟიმით.
გაითვალისწინეთ, რომ მკურნალობის დაწყებიდან 2–3 კვირის შემდეგ ავადმყოფი თავს უკეთ გრძნობს, არაფერი აწუხებს და ფსიქოლოგიურად ძალიან უჭირს 6-8 თვის განმავლობაში ყოველდღიურად 10-12 აბის მიღება. არადა, შედეგი მხოლოდ ხანგრძლივი, უწყვეტი, ოპტიმალურად შერჩეული თერაპიით მიიღწევა.
ამასთანავე, ტუბერკულოზით დაავადებულს მხოლოდ ფთიზიატრმა უნდა უმკურნალოს.
ტუბერკულოზის საწინააღმდეგო სამი პრეპარატის - რიფამპიცინის, სტრეპტომიცინისა
და კანამიცინის - მიღება ჩვეულებრივი ბრონქიტების, პნევმონიების თუ სხვა ანთებითი პროცესების დროს კატეგორიულად აკრძალულია. ისინი მხოლოდ ტუბერკულოზის სამკურნალო პრეპარატებია.
მკურნალობის დამთავრების შემდეგ რეციდივების, ანუ პროცესის გააქტიურების, განვითარების სიხშირის მიხედვით მსჯელობენ მკურნალობის ეფექტურობაზე. რეციდივები უფრო ხშირად ვითარდება 1-2 წლის განმავლობაში მკურნალობის დამთავრების შემდეგ. ამიტომ მიზანშეწონილია ამ ხნის მანძილზე განკურნებული პირები იმყოფებოდნენ მეთვალყურეობის ქვეშ.
ტუბერკულოზის ზოგიერთი მძიმე ფორმით გამოწვეული ინტოქსიკაციის დროს მიზანშეწონილია დამატებითი მკურნალობა ჰორმონული პრეპარატებით - გლუკოკორტიკოიდებით.
ეს რეკომენდებულია ტუბერკულოზური პლევრიტის დროსაც - გარკვეული ეფექტის შემდეგ
ამ პრეპარატების დოზა თანდათან მცირდება.
ქიმიოთერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში ისმება საკითხი ქირურგიული ჩარევის
შესახებ. ოპერაციამდე აუცილებელია ტუბერკულოზური პროცესის მაქსიმალური სტაბილიზაცია.
გაითვალისწინეთ, რომ ტუბერკულოზი იკურნება, მაგრამ საჭიროა მკურნალობის დროული
დაწყება და სრული კურსის ჩატარება.

პროფილაქტიკა
დაავადების გავრცელების მხრივ ავადმყოფი მეტ საშიშროებას ქმნის, თუ იგი ტუბერკულოზის ღია ფორმით (კავერნა) არის დაავადებული. სხვა შემთხვევაში, ის ნაკლებად საშიშია.
ასევე მნიშვნელობა ენიჭება კონტაქტის ხანგრძლივობას: ერთჯერადი და ხანმოკლე კონტაქტი დაავადებას ნაკლებად განაპირობებს. გასათვალისწინებელია ღია ფორმით დაავადებულ ადამიანთან მუდმივი, მჭიდრო და ხანგრძლივი კონტაქტი, აქ სამსახურებრივი ან ოჯახური კონტაქტები იგულისხმება. ეს პრობლემა კიდევ უფრო სერიოზული ხდება, თუ
ავადმყოფთან კონტაქტში იმყოფებიან ბავშვები. ბავშვის სტერილური ორგანიზმი მგრძნობიარეა ტუბერკულოზის მიმართ და შესაძლოა დაავადებულ ადამიანთან კონტაქტი მხოლოდ ინფიცირებით კი არა, დაავადების განვითარებით დასრულდეს.
ბცჟ ვაქცინაცია. იმუნიზაცია ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად ითვლება ტუბერკულოზის პროფილაქტიკისათვის. ვაქცინა შეჰყავთ ბეჭის ზემო და შუა მესამედის საზღვრის მიდამოში. ვაქცინაციის შედეგად ვითარდება სპეციფიკური რეაქცია ინფილტრატის სახით. ვაქცინაცია ტარდება ბავშვის დაბადებიდან პირველივე დღეს. ვაქცინაციის შემდეგ ჩამოყალიბებული იმუნიტეტი ახალშობილს აღენიშნება 5–7 წლის განმავლობაში. ამის შემდეგ საჭიროა რევაქცინაცია, თუმცა არსებობს რევაქცინაციის უკუჩვენებები.
ქიმიური პროფილაქტიკა გულისხმობს ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატების
გამოყენებას დაავადების თავიდან აცილების მიზნით იმ პირებისთვის, რომლებიც იმყოფებიან ინფიცირებისა და დაავადების რისკის ქვეშ. ქიმიოპროფილაქტიკა გრძელდება 3 თვის მანძილზე.
სანიტარიული პროფილაქტიკა გულისხმობს ავადმყოფის საცხოვრებელ კერაში ჰიგიენისა და სანიტარიული ნორმების დაცვას.