ინფექციური ერითემა მწვავე ინფექციაა, რომელსაც იწვევს პარვოვირუსი B19. ვითარდება ხშირად გაზაფხულზე  5-7 წლის ასაკის ბავშვებში. გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით.
პარვოვირუს B19 იწვევს ერითროპოეზის ტრანზიტორულ დათრგუნვას, რომელიც მსუბუქი და ასიმპტომატურია მოზრდილებში. ბავშვებში კი განსაკუთრებით ვისაც ჰემოგლობინოპათიები ან სხვა ჰემატოლოგიური დაავადება აქვს, უვითარდებათ აპლაზიური კრიზი.  იმუნოსუპრესიულ ბავშვებში ასევე ვლინდება ვირემია და მწვავე ანემია.
ვირუსი ასევე გადაეცემა ნაყოფს ტრანსპლაცენტარულად და ხშირად იწვევს მუცლადყოფნის პერიოდში ანემიას და ნაყოფის შეშუპებას.

სიმპტომები
ინკუბაციის პერიოდი გრძელდება 4 - 14 დღემდე.  იწყება გაციების მსგავსი სიმპტომებით (ცხელება, სისუსტე, დისკომფორტი). რამოდენიმე დღის მერე, ლოყებზე ვითარდება ერითემა (,, გალაწუნებული ლოყის,, ნიშანი). სიმეტრიული  გამონაყარი გვხვდება ტანზე, ხელებზე, ფეხებზე, ხელის და ფეხის გულებზე. გამონაყარი წარმოდგენილია მაკულებით და პაპულებით, რომელიც 5-10 დღის შემდეგ ქრება. თუმცა შეიძლება განმეორდეს  რამდენიმე კვირის მერე, მზის სხივებით ზემოქმედების შედეგად, ვარჯიშის, სიცხის, ცხელების ან ემოციური სტრესის ფონზე.


დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ჯანმრთელ ბავშვებში დიაგნოსტიკა ხდება კლინიკური მახასიათებლებით. სეროლოგიური ტესტი კეთდება როცა ეჭვია აპლაზიურ კრიზზე, განსაკუთრებით იმუნოსუპრესიულ ბავშვებში.  ასეთ დროს მომატებულია Ig M-ის ტიტრი, რომელიც მიმართულია პარვოვირუსის წინააღმდეგ. ვირემიის შემთხვევაში მკურნალობა მოიცავს ინტრავენურ იმუნოგლობულინს, ერითროპოიეზის გასაუმჯობესებლად. პრაქტიკულად ჯანმრთელ ბავშვებს მკურნალობა არ სჭირდებათ.