ნაღვლის ბუშტის ფუნქცია

ნაღვლის ბუშტი მსხლის ფორმის ტომარაა. მასში ღვიძლის მიერ გამომუშავებული ნაღველი ინახება. საკვების მიღებისას ნაღველი თორმეტგოჯა ნაწლავში გადადის და ნაწლავებს   

ცხიმის, წყლისა და ელექტროლიტების შეთვისებაში ეხმარება.
ნაღვლის გადმოსვლა თორმეტგოჯა ნაწლავში საკვების მიღების რეფლექსთან და სპეციალურ ჰორმონებთან არის დაკავშირებული.

ნაღვლის გამომუშავების ფიზიოლოგია

ნაღველი ღვიძლში გამომუშავდება. ის პიგმენტური ხსნარია, რომლის ელექტროლიტური შემადგენლობა სისხლის პლაზმის მსგავსია. ნაღვლის ბუშტში აკუმულირებული ნაღველი გარკვეულწილად განსხვავდება ღვიძლში გამომუშავებული ნაღვლისაგან, რადგანაც ბუშტის კედლიდან შეიწოვება წყალი და სხვა ნივთიერებები. შედეგად, ნაღველი კონცენტრირდება პირველად შემადგენლობასთან შედარებით, ნაღვლის ბუშტში შენახული ნაღველი გაცილებით სქელი, ბლანტი და კონცენტრირებულია, რადგან ბუშტის კედელს წყლის გაწოვის უნარი აქვს და ამის გამო ნაღველში უფრო მეტი რაოდენობით არის ნაღვლის მჟავები თუ სხვა აუცილებელი ფერმენტები.
ნაღვლის კომპონენტებია: წყალი (82%), ნაღვლის მჟავები (12%) და სხვა ნივთიერებები. ნაღველი ყოველდღიურად 500-600 მლ-ის ოდენობით გამომუშავდება. ნაღვლის მჟავები აუცილებელია ნაწლავებიდან ცხიმების, წყლისა და ელექტროლიტების ნორმალური შეწოვისათვის წვრილ და მსხვილ ნაწლავებში.
ნაღვლის მიმოქცევა - კუჭში მოხვედრის შემდეგ საკვებში არსებული ცილები ნაწილობრივ იშლება, რაც, საბოლოოდ, თორმეტგოჯა ნაწლავში სრულდება, იშლება ცხიმებიც. თორმეტგოჯა ნაწლავში საკვების მოხვედრის შედეგად ღიზიანდება რეცეპტორები, რის გამოც ნაღვლის ბუშტი იკუმშება, იხსნება ოდის სფინქტერის სახელით ცნობილი სადინარი, რომლითაც ნაღველი ნაღვლის ბუშტიდან თორმეტგოჯა ნაწლავში გადადის.
თორმეტგოჯა ნაწლავიდან საკვები წვრილ ნაწლავში ხვდება, სადაც საკვებთან ერთად
ნაღველიც შეიწოვება და სისხლში გადადის. სისხლის საშუალებით ის კვლავ ღვიძლში ხვდება და ნაღვლის ახალი ულუფის შექმნაში მონაწილეობს. ზოგიერთი პათოლოგიის დროს (მაგ., წვრილი ნაწლავების ანთება) ნაღვლის უკუშეწოვა შემცირებულია და ორგანიზმში მისი დეფიციტი წარმოიქმნება. შესაბამისად, ირღვევა პროპორცია ქოლესტერინსა და ნაღვლის მჟავებს შორის და კენჭების წარმოქმნისათვის ხელშემწყობი პირობები იქმნება.

გავრცელებული დაავადებები

ნაღვლის ბუშტის დაავადებებიდან ყველაზე ხშირად ვითარდება: ქოლეცისტიტი - ნაღვლის ბუშტის მწვავე და ქრონიკული ანთება. ნაღვლ–კენჭოვანი დაავადება - ნაღვლის ბუშტში სილის ან სხვადასხვა ზომის კენჭის არსებობა.
თუმცა ასეთი დაყოფა პირობითია, რადგან ქოლეცისტიტის განვითარება ხშირად სწორედ
ნაღვლ–კენჭოვანი დაავადებით არის განპირობებული.