ასეთი სახის გულყრები გვხვდება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომელთა ტემპერატურა აღემატება 38C-ს . განარჩენევენ მარტივ და რთულ ფებრილურ გულყრას.
ფებრილური გულყრების 90% მარტივი ფორმისაა.
გამომწვევი შეიძლება იყოს ბაქტერიული ან ვირუსული ინფექცია. ზოგჯერ კრუნჩხვითი მდგომარეობა ვითარდება ყბაყურაზე, წითურაზე ვაქცინაციის შემდგომ.
ხშირად ამ ტიპის კრუნჩხვები ვლინდება იმ შემთხვევაში თუ ცხელება 24 საათზე მეტ ხანს გრძელდება .
მარტივი ფებრილური გულყრა არის კრუნჩხვითი მდგომარეობა, რომლის ხანგრძლივობა 15 წუთზე ნაკლებია და არ მეორდება 24 საათის განმავლობაში. არის გენერალიზებული გულყრა, აღინიშნება მხოლოდ ცხელების დროს, მიზეზი არ არის ნერვული სისტემის მწვავე დაზიანება. აღინიშნება 6 თვიდან 5 წლის ასაკის ბავშვებში.
რთული ფებრილური გულყრა - ფოკალური ან გენერალიზებული გულყრაა, რომლის ხანგრძლივობა 15 წთ. ან მეტია. იგი შეიძლება განმეორდეს პირველი 24 საათის განმავლობაში.
თუ მარტივი ფებრილური გულყრის პირველი ეპიზოდია და ასაკი 18 თვეზე მეტია ბავშვს არ ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია. თუ ასაკი 18 თვეზე ნაკლებია, უმჯობესია ჰოსპიტალიზაცია. მითუმეტეს თუ ეჭვია ნეიროინფექციაზე, რადგან ამ ასაკში მენინგიალური ნიშნები შეიძლება ან საერთოდ არ იყოს ან წარმოდგენილი იყოს არასრულყოფილად. ამიტომ ამ ასაკობრივ ჯგუფში აუცილებელია დეტალური მონიტორინგი პირველი 24 საათის განმავლობაში. საჭიროა გაკეთდეს ლუმბალური პუნქცია და ცერებროსპინალური სითხის ანალიზი, რათა გამოირიცხოს მენინგიტი და ენცეფალიტი.
საჭიროა გლუკოზის, ნატრიუმის, კალციუმის, მაგნიუმის და ფოსფორის განსაზღვრა, ასევე უნდა გაკეთდეს ღვიძლის და თირკმლის ფუნქციური ტესტები.
კრანიალური მრტ საჭიროა მაშინ როდესაც ნევროლოგიური შემოწმებისას ეჭვია ფოკალურ დეფექტებზე.
ენცეფალოგრამა მნიშვნელოვანია გულყრების ღრმა შესწავლისთვის.