კოლიტი მსხვილი ნაწლავის ანთებაა. პათოლოგიური პროცესი ძირითადად ლორწოვან
გარსს მოიცავს და ნაწლავის უფრო ღრმა დაზიანებას არ იწვევს. მიმდინარეობის მიხედვით
არჩევენ მწვავე და ქრონიკულ კოლიტს.

მწვავე კოლიტი

გამომწვევი მიზეზები

მწვავე კოლიტის გამომწვევი მიზეზი სხვადასხვა ინფექციური დაავადებაა, მაგ., დიზენტერია, ამებიაზი და ბალანტიდიაზი. გარდა ამისა, კოლიტი თან სდევს სალმონელოზს, სტაფილოკოკურ, სტრეპტოკოკურ, ნაწლავის ჩხირისეულ და სხვა ინფექციებს, ალიმენტურ (კვებით) დარღვევებს, ისეთ ზოგად ინფექციებს, როგორებიცაა: ტიფი, პარატიფი, წითელა, გრიპი, პნევმონია. კოლიტი ასევე ვითარდება ლორწოვან გარსზე და ნერვულ რეცეპტორებზე ტოქსინების მოქმედების შედეგად. დაავადების განვითარებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ორგანიზმის მდგომარეობას. კერძოდ, იმუნური დარღვევები, დაავადებული კუჭი, პანკრეასი და ღვიძლი, აგრეთვე დისბაქტერიოზი (ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის შეცვლა) ხელს უწყობს მსხვილი ნაწლავის ანთებას.
 

კლინიკური სურათი

დაავადება იწყება მწვავედ. ავადმყოფს აწუხებს მოვლითი ხასიათის ტკივილი მუცელში.
ტკივილს თან სდევს ყურყური, თხევადი შიგთავსის მოძრაობის შეგრძნება. მუცელი შებერილია, ხშირია ღებინება; კუჭის მოქმედება დღეში 10-20-ჯერ და უფრო ხშირად.
დასაწყისში გამონაყოფი თხელია, მას მოჰყვება ლორწო, შემდეგ კი - ალისფერი სისხლის
მინარევი. ავადმყოფს აქვს დეფეკაციის (კუჭის მოქმედების) მოჩვენებითი სურვილი,
ვინაიდან გამოიყოფა მხოლოდ ლორწოვანი ნარჩენი და სისხლი. ფაღარათის პარალელურად
მატულობს სხეულის ტემპერატურა, ვითარდება საერთო სისუსტე და უმადობა.
დაავადების სიმძიმის მიხედვით არჩევენ მწვავე კოლიტის სამ ფორმას: მსუბუქს, საშუალოს და მძიმეს.
მსუბუქი ფორმის დროს გამოჯანმრთელება იწყება მე-3-5 დღიდან, თანდათანობით იკლებს მუცლის ტკივილი; ტენეზმი (დეფეკაციის მტკივნეული სურვილი) ქრება და გამონაყოფიც ჩვეულებრივი ხდება, თუმცა ლორწო გამოჯანმრთელების შემდეგ რამდენიმე ხანს
მაინც აღინიშნება.
საშუალო ფორმისას დაავადება 15 დღემდე გრძელდება, მისთვის დამახასიათებელია ტემპერატურის მატება.
მძიმე ფორმის დროს ვითარდება ინტოქსიკაციისა და გაუწყლოების მოვლენები: მკვეთრად მატულობს ტემპერატურა, კანი შრება და იფიტება, იწყება წვივის კუნთების ტკივილი,
ვითარდება სისხლძარღვთა უკმარისობის ნიშნები და კიდურების კრუნჩხვები.


გართულებები
მკურნალობის გარეშე მწვავე კოლიტი შესაძლოა გართულდეს. ვითარდება მსხვილი
ნაწლავის დაზიანებული ნაწილის ჩირქგროვა. მძიმე ფორმა ხშირად რთულდება თირკმლისა
და მისი მენჯის, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ანთებით.

არასწორი მკურნალობის შემთხვევაში შესაძლოა დაავადება რამდენიმე კვირას გაგრძელდეს.
 

დიაგნოსტიკა
მწვავე კოლიტის დიაგნოსტიკა ემყარება დაავადების კლინიკურ ნიშნებს, ბაქტერიოლოგიურ და სხვა ლაბორატორიულ გამოკვლევათა შედეგებს. პაციენტის ენა თეთრადაა შელესილი, მუცელი შებერილია, ხშირად დაჭიმული.

სისხლში მომატებულია ლეიკოციტები. გამონაყოფში შეიძლება აღმოჩნდეს სხვადასხვა
მიკროორგანიზმი: ამება, ლამბლიები და სხვ. ბაქტერიოლოგიური ანალიზით შესაძლოა
ამოითესოს სხვადასხვა მიკრობი. შარდის რაოდენობა შემცირებული და კონცენტრირებულია. ის, შესაძლოა, შეიცავდეს მცირე რაოდენობით ცილას.
 

მკურნალობა
თუ მწვავე კოლიტის გამომწვევი მიზეზი დადგენილია, ინიშნება სპეციფიკური მკურნალობა. ბაქტერიული დიზენტერიის დროს საჭიროა ზემოქმედება გამომწვევზე და ინტოქსიკაციაზე. ამისთვის ავადმყოფს გარკვეული სქემის მიხედვით ეძლევა ანტიბაქტერიული
საშუალებანი.
ორგანიზმის მოსამაგრებლად მკურნალობა ტარდება დაკარგული სითხის, ელექტროლიტებისა და მიკროელემენტების შესავსებად. ამისათვის გამოიყენება რეჰიდრონი, რინგერი, გლუკოზა და სხვა.
მკურნალობაში ძალზე მნიშვნელოვანია კვება. ავადმყოფს სჭირდება რაციონალური და სრულფასოვანი დიეტა, პირველ დღეებში - მექანიკურად და თერმულად დამუშავებული
საკვები. რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხე: წყალი, ჩაი, ბოსტნეულის წვენი, ბრინჯის ნახარში; ფაფები, წვნიანი, ხაჭო, მაწონი, ქათმისა და საქონლის მოხარშული ხორცი, მოხარშული თევზი. 7-10 დღის შემდეგ შესაძლებელია ავადმყოფის გადასვლა ჩვეულებრივ კვებაზე.
 

ქრონიქული კოლიტი

გამომწვევი მიზეზები

ქრონიკული კოლიტი მსხვილი ნაწლავის ქრონიკული ანთებაა, გამომწვევი მიზეზის მიხედვით არჩევენ ინფექციურ, პარაზიტულ, ჰელმინთურ (ჭიები) და ტოქსიკურ კოლიტებს.

ინფექციური ეტიოლოგიის კოლიტებიდან გამოყოფენ დიზენტერიულ კოლიტს, რომელიც
ქრონიკული კოლიტების 18%-ს შეადგენს. პარაზიტულ კოლიტს იწვევს ამებიაზი, ბალანტიდიაზი, ლამბლიოზი (სამივე ნაწლავის პარაზიტებით გამოწვეული დაავადებაა);
ჰელმინთურ კოლიტს იწვევს ისეთი პარაზიტული ჭიები, როგორებიცაა: ასკარიდები, კუდმახვილა ჭიები (ენტერობიუსი) და სხვა. ინტოქსიკაციური კოლიტი გამოწვეულია ტყვიით, დარიშხანით, სპილენძით, თუთიით, ვერცხლისწყლით, რკინით, სოკოთი მოწამვლით.
კოლიტის განვითარებას ხელს უწყობს კვება უხეში, ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტებით, ცილების, ვიტამინების დეფიციტი, ცუდი ღეჭვა, საფაღარათო საშუალებებისა და ოყნის ხშირი ხმარება.
 

განვითარების მექანიზმი
დაავადების ჩამოყალიბებაში მთავარ როლს ასრულებს ნერვული სისტემის ფუნქციათა
მოშლა, რომელიც არღვევს ნაწლავების ნორმალურ მოქმედებას; მათ შორის აღსანიშნავია
ქრონიკული ფსიქიკური გადაძაბვა და სტრესი. მათი გავლენით იცვლება ნაწლავის კედლის
რეცეპტორების მგრძნობელობა, რაც, თავის მხრივ, იწვევს ტკივილსა და ნაწლავის ნორმალური ფუნქციონირების დარღვევას, მოგვიანებით კი - ქრონიკული პროცესის განვითარებას.
 

კლინიკური ნიშნები
ქრონიკული კოლიტისთვის დამახასიათებელია გამწვავებისა და რემისიის (სიმშვიდის,
უსიმპტომო პერიოდი) პერიოდები.
გამწვავების პერიოდი იწყება მუცლის არეში ტკივილით, რომელიც მსუბუქდება დეფეკაციის შემდეგ. ირღვევა კუჭის მოქმედება: ფაღარათი, ყაბზობა, მათი მონაცვლეობა; გამონაყოფში უხვადაა ლორწო, თავიდან იგი თხელია და ფაფისებური. ზოგჯერ სისხლიანი და
ჩირქიანი. კუჭში გასვლის სურვილი ძლიერია და თან სდევს ტკივილი მუცელში და დეფეკაციის მტკივნეული სურვილი·
ზოგ შემთხვევაში ავადმყოფებში შეინიშნება ისტერია, აგრესიული რეაქცია, დეპრესია,
აკვიატებული აზრები, შიში და ნევროლოგიური რეაქციები.
ქრონიკულ კოლიტს ახასიათებს დეფეკაციის თავისებურებანი. ზოგს მისი სურვილი უჩნდება ფეხზე ადგომისთანავე, ზოგჯერ საჭმლის მიღებას უკავშირდება. ხშირია სიცივით
გამოწვეული ფაღარათი, ემოციური ფაღარათობა (შიშისა და აღელვების გამო გაჩენილი რე–
ფლექსური დეფეკაცია). ქრონიკული კოლიტის მიწყნარების პერიოდისთვისაც დამახასიათებელია დეფეკაციის შემდეგ დაკმაყოფილების გრძნობის უქონლობა.
ავადმყოფი უჩივის გულის ფრიალს, თავის დამძიმებასა და ტკივილს, უძილობას, ადვილად დაღლას, შრომის უნარის დაქვეითებას. მისი ფიქრები მიმართულია არსებული დისკომფორტისკენ და ყველას ამის შესახებ ესაუბრება.

დიაგნოსტიკა
დიაგნოზი ისმება ენდოსკოპიური გამოკვლევით, ბიოფსიით (ნაწლავის ქსოვილის მიკროსკოპული გამოკვლევა), რათა გამოირიცხოს ნაწლავთა სხვა პათოლოგიები. რენტგენოლოგიურად იკვლევენ - შეინიშნება თუ არა მსხვილი ნაწლავის მოძრაობის უნარის
მოშლა და ნაწლავთა სპაზმი.
უნდა დადგინდეს, რა მიზეზით არის გამოწვეული ნაწლავის ანთებითი ცვლილებები (ინფექცია, პარაზიტები, ჰელმინთები, ინტოქსიკაცია თუ სხვა). გამონაყოფის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა რამდენჯერმე უნდა ჩატარდეს. რადგანაც ის ნაკლებინფორმაციულია, უმჯობესია სეროლოგიური (სისხლში ანტიგენების აღმოჩენა) მეთოდის გამოყენება. სისხლის საერთო და შარდის ანალიზში რადიკალური ცვლილებები თითქმის არ აღინიშნება.

გართულებები
ქრონიკული კოლიტი შესაძლოა გართულდეს: 1) ნაწლავის სტენოზით - სანათურის დავიწროებით; 2) ნაწლავის პერფორაციით - გახვრეტით; 3) პერიტონიტით - მუცლის ფარის ანთებით; 4) პიელიტით - თირკმლის მენჯის ანთებით; 5) აბსცესით - ნაწლავის შემოფარგლული დაჩირქებით.

მკურნალობა
მკურნალობა შემდეგი პრინციპით ტარდება: ფსიქოემოციურ ფაქტორებზე მოქმედება,
დაბალანსებული რაციონალური მკურნალობა, ფიზიკური აქტიურობის გაზრდა. უნდა
გამოირიცხოს ჭარბი რაოდენობის სამკურნალო საშუალებები, გამწმენდი ოყნა და საფაღარათო მედიკამენტები. გამწმენდი ოყნა მექანიკურად აღაგზნებს მსხვილი ნაწლავის რეცეპტორებს, რაც ზრდის ნაწლავის შიგა წნევას, იწვევს სპაზმს და ტკივილს.
ავადმყოფებს უტარდება მკურნალობა ტკივილის მოსახსნელად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის
რეგულარული მუშაობისა და შიგთავსის გადაადგილების მოსაწესრიგებლად. გამოხატული
ფსიქოპათოლოგიური მდგომარეობისას ინიშნება ფსიქოტროპული საშუალებები, ვიტამინები.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ანტიბიოტიკების მიღებისას, ვინაიდან შეცდომით მიღებულმა ანტიბიოტიკმა შესაძლოა სავალალო შედეგი“ გამოიწვიოს; ხშირ
შემთხვევაში ანტიბიოტიკები ხელს უწყობს დისბაქტწერიოზის ჩამოყალიბებას.
მკურნალობის ძირითადი მეთოდია ასევე სამკურნალო კვება. გამწვავებისას ინიშნება
ნაწლავების დამზოგველი დიეტა 5-7 დღის განმავლობაში. სასარგებლოა: პურ-ფუნთუშეული - თეთრი პურის ორცხობილა; რძე, რძის პროდუქტები - მაწონი, ხაჭო, ნაღები და არაჟანი მცირე რაოდენობით; ცხიმი – ნაღების კარაქი (შეზღუდული რაოდენობით); კვერცხი - კულინარიულ ნაწარმში დანამატის სახით, დღეში არა უმეტეს 1 ცალისა; წვნიანი - ბრინჯის ფხვნილის, ან მანანის ბურღულის შემცველი უცხიმო ბულიონი; ხორცი, თევზი - ორთქლზე მომზადებული უცხიმო ღორის ხორცი, ხბოს, ძროხის, ფრინველის ხორცი და თევზი; რეკომენდებულია ფარშში გახეხილი ნივრის ჩამატება; ბურღულეული - ნახევრად თხევადი, წყალზე დამზადებული ფაფები, უმჯობესია დაფქული ბურღულეულის გამოყენება; ხილი, კენკრა, ტკბილეული - ყველა სახის ხილის კისელი და ჟელე, ჩაი, ყავა, შაქარი, მურაბა, თაფლი  შეზღუდული რაოდენობით (არა უმეტეს 60 გ-ისა დღეში). სასარგებლოა ასკილის ნაყენი; მარილი – შეზღუდულად; საკვების მიღება სასურველია 4–ჯერ დღეში, მცირე ულუფებით.
 

პროფილაქტიკა
გულისხმობს კუჭ–ნაწლავის ინფექციური დაავადებების: დიზენტერიის, სალმონელოზის,
ტოქსიკოინფექციების, ამებიაზის, ლამბლიოზის, ჭიებით ინვაზიის სრულყოფილ მკურნალობას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გამოჯანმრთელებული ადამიანების სრულ განკურნებას;
ავადმყოფებმა, რომლებიც დიარეისადმი არიან მიდრეკილი, უმჯობესია, თავი დაანებონ ცივ
სადილებს, ხოლო ყაბზობისადმი მიდრეკილებმა უნდა მიიღონ მცენარეული ბოჭკოებით მდიდარი საკვები: ხილი, ბოსტნეული - მოხარშული და დაქუცმაცებული სახით;
ეფექტიანია კურორტული მკურნალობა ბორჯომში, საირმესა და უწერაში, სადაც პროფილაქტიკის ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა მინერალური წყლის ოყნები.